სემინარები

ერთობლივი სემინარი თემაზე: „ტაოური დიალექტი - მასალები და კვლევის შედეგები“ ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მამია ფაღავა და პროფესორი მაია ბარამიძე . ჩატარების დრო: 20.05.2021 14:00

ტაოელთა მეტყველება ქართული ენის ერთ-ერთი სამხრული კილოა და აჭარულთან, შავშურთან და კლარჯულთან ერთად ქმნის ქართული ენის სამხრულ კილოთა ჯგუფს. დასახელებულ ოთხივე დიალექტს ერთად სამხრულ მეტყველებასაც ვუწოდებთ. აღვნიშნავთ, რომ ქართულ ენათმეცნიერებაში ტაოური ყველაზე ნაკლებადშესწავლილი დიალექტია, ამდენად, მნიშვნელოვანია მისი მონოგრაფიული კვლევა.

ტაო საქართველოს ვრცელი ისტორიული კუთხეა, გაშენებული ჭოროხის ხეობის შუა წელში. მას სამხრეთისთ სსპერი ესაზღვრება, ჩრდილოეთით - კლარჯეთი. ძველი ქართული საისტორიო წყაროები ტაოს ორად იხსენებენ - ამიერტაო და იმიერტაო. უძველესი დროიდან ტაო დასახლებული იყო ქართული ტომით, ტაოელებით (ისტორიული წყაროებით - ტაოხები), რომელთა შთამომავლების მეტყველებაა ტაოური დიალექტი. ტაოში ჩანს სხვა ეთნიკურ ჯგუფთა - სომხების,ბერძნების, თურქების - ნაკვალევიც. აღვნიშნავთ, რომ ოდესღაც ვრცელ ტერიტორიაზე გავრცელებული დიალექტის ნაშთებიღა გადარჩენილა ელიასხევის ხეობაში გაშენებულ რამდენიმე მცირე სოფელში, რომელიც თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით სამ სამამასახლისოში//სამუხტროშია გაერთიანებული. ქართული ენა ისმის ასევე ჩევრელში, რომლის ერთი უბანი, გივითი ქუაბაიდან გადმოსახლებულებითაა დასახლებული და ბინათში, ტაოსა და კლარჯეთის სასაზღვრო ტაოურ სოფელში. საუკუნის წინ, როცა ამ კუთხეში ექსპედიცია მოაწყო ექვთიმე თაყაიშვილმა, ქართულად მოლაპარაკე ტაოური სოფლების რაოდენობა მეტი ყოფილა, კერძოდ, ქართულად საუბრობდნენ ოთხთა ეკლესიაში, ჭიმჭიმში, ტაოსკარში, იშხანში, იქნებ სხვაგანაც, შესაბამისად ფართე იყო ტაოური კილოს გავრცელების არეალიც.

ტაოური კილოს კვლევისას ვიყენებდით ჩვენს მიერ საველე ექსპედიციებით (1995-2018 წწ) შეკრებილ დიალექტოლოგიურ და ონომასტიკურ მასალებს, ვითვალისწინებდით სხვა მკვლევართა ჩანაწერებსაც.

ტაოური ქართული ენის მკვეთრად გამოკვეთილი დიალექტია, ბევრი მახასიათებლით იგი განსხვავდება სხვა სამხრული კილოებისაგან, განსაკუთრებით მისი მომიჯნავე კლარჯულისაგან. ზოგიერთი მახასიათებლით, განსაკუთრებით ბგერითი შედგენილობითა და ზმნის ფორმაწარმოებით,  იგი ანალოგს პოულობს ძველ ქართულთან, ზოგიერთი მახასიათებელი კიდევ დიალექტის შინაგანი განვითარების შედეგია.

გამოვყოფთ ტაოურის რამდენიმე ნიშანს:

- ჴ’ პოვნიერება: ჴევი, ჴარი, ჴელი...

- ჲ ტაოურში იმავე პოზიციაში იხმარება, რაშიც სხვა სამხრულ კილოებში და ძველ ქართულში, კერძოდ, იგი გვხვდება დამავალ დიფთონგში,  ხმოვნისმომდევნო (ნენეჲ) და ხმოვანთაშორის (გეჲარა) პოზიციაში. ზოგჯერ ჲ აღმავალ დიფთონგშიც გვხვდება, ოღონდ ნასესხებ სიტყვებში: ჲაღი, ჲაილა... და წარმოადგენს ი’ს ფონეტიკურ ვარიანტს. ტაოურში ზოგჯერ ჲ რ’სა და ჟ’ს პალატალიზაციის შედეგია: კოჲდი<კორდი, ჲოლა<ჟოლა’საგან.

- უმარცვლო უ ტაოურში იმავე პოზიციაში იხმარება, რაშიც ძველ ქართულში: ექუსი, თქუენ, ჩუენ, სხუა...

- ტაოურში დასტურდება P და Q უმალაუტები: უხPწნია, ვხPრათობთ... ყQთელი, წQმა... ტაოურში უმეტესად ისეთივე უმლაუტი იპოვება, სვანურისათვის რომ დაადგინა აკაკი შანიძე, ანუ, ტაოურში უმლაუტი რეგრესული ასიმილაციის შედეგია, ნაკლებად პროგრესული ასიმილაციის, როგორც ეს თურქული ენისათვის არის დამახასიათებელი.

- ტაოურ  კილოში ცოცხალია ტონური მახვილი (მოგალობება, როგორც ტაოელები უწოდებენ), რომელიც სიტყვას მოუდის ბოლოდან მეორე მარცვალზე (მოვი’და, ნა’ხე...). ტონური მახვილის თვალსაზრისით ტაოურში საერთოქართველური ვითარებაა ასახული.

- ფონეტიკურ დონეზე ტაოურისათვის ასევე დამახასიათებელია ბგერათა გარდაქმნები, რომელნიც გვხვდება სალიტერატურო ქართულსა და დიალექტებში.

- თავისებურებები იკვეთება ტაოურში სახელურ და ზმნურ (უმეტესად) ფორმაწარმოებაში,  რომელიც ანალოგს პოულობს ძველ და საშუალ ქართულში...

რიგი მახასიათებლებით ტაოური ემსგავსება სხვა სამხრულ კილოებს, ქართული ენის სხვა დიალექტებსაც, ზოგიც დიალექტის შინაგანი განვითარების შედეგია.

ტაოს ონომასტიკა. ტაოში კომპლექსური საველე ექსპედიციების დროს შევაგროვეთ მრავალფეროვანი ონომასტიკური მასალა, - ტოპონიმები, ჰიდრონიმები, ვაზის სახელები, გვარ-სახელები, რომელთა შესწავლა მრავალი ასპექტით არის საინტერესო, იქნება ეს ლინგვისტური, ეთნოლოგიური თუ ისტორიული თვალსაზრისით:

- ტოპონიმებში შენახულა ადგილობრვი მოსახლეობის ისტორია, მისი მეურნეობა, კულტურა, ეთნიკური შედგენილობა, კუთხეში გავრცელებული მცენარეთა საფარი, ენის ლექსიკური შედგენილობა და სიტყვაწარმოების ძველი ინვენტარი... დასანანია, რომ ძველი გეოგრაფიული სახელების დიდი ნაწილი დავიწყებას მიეცა ან ეძლევა, რისი მთავარი მიზეზიც მოსახლეობის ცვლაში უნდა ვეძიოთ: ჩანს, ბევრი სოფლიდან ძველი მოსახლეობა აყრილა და მისი ადგილი ახალს დაუჭერია, შედეგად დღეს სოფელმა არ იცის ძველი ტოპონიმები, სოფელში არ ისმის ზეპირი ისტორიები. სხვაგან კიდევ გეოგრაფიულ სახელებს ტრანსფორმაცია განუცდია, უცვლია ფონეტიკური სახე. ამ ცვლილებების მთავარი მიზეზი მოსახლეობის ორენოვნებაში უნდა ვეძიოთ. და კიდევ, არის ერთი გარემოება, რაც გარკვეულად აბრკოლებს ისტორიული გეოგრაფიის საკითხების კვლევას: ახალ დროში ჭოროხის ყველა ქვეყანაში და ტაოშიც გეოგრაფიულ პუნქტებს სახელი შეუცვალეს, რისი უპირველესი მიზანიც ძველის დავიწყება ჩანს: ავტოქტონური მოსახლეობის ასიმილაციის პროცესში წინაპართა შექმეული გეოგრაფიული სახელების დავიწყება მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არა გადამწყვეტი; ხშირად ამ გზითაც ვერ ხერხდება საწადელის მიღწევა, -  კუთხის მეხსიერებას შეუნახავს ძველი სახელწოდებები, ისტორიები, ,,ეტიმოლოგიები’’, რითაც თანამედროვეობა არ წყვეტს კავშირს წარსულთან...

ტაოს ტოპონიმიის ერთი ნაწილი დაცულია ისტორიულ დოკუმენტებში, როგორიცაა: ქართლის ცხოვრება, მოსახლეობის ოსმალური აღწერის მასალები, ,,ხუთვერსიანი’’ და ისტორიული რუკები, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევები... ტაოს ისტორიული გეოგრაფიის მკვლევარმა, ბუნებრივია, უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული წყაროებიც.

ტაოს ტოპონიმიის შესწავლისათვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გეოგრაფიულ სახელთა სტრუქტურული ანალიზი. გამოვყოფთ გეოგრაფიულ სახელთა რამდენიმე ჯგუფს:

ა. უაფიქსო ტოპონიმები: წოვა, ყიშლა, ვაკე, ორე//ორი, ბოზალო//ბოძალო, ზივინ, უბანი...

ბ. ოდენსუფიქსური წარმოება: ნა-ყორი, უ-ტავი, სა-ღერი, სა-სვენი...

გ. ოდენსუფიქსური წარმოება: მურუდ-ა, ქედ-ა, კოწახურ-ა, ჩანთარ-ევ-ი, წითლ-ევ-ი, ფაცახ-ებ-ი, გოგუ-ან’ნი, აბაზლ-იან’ნი, ოშ-ხი, ბალ-ხ’ი, კალმ-ახ-ი...

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტაოში დადასტურდა გეოგრაფიულ სახელთა უძველესი ფენა, რომელიც -ხ (სხვადასხვა ხმოვნის თანხლებით) სუფიქსითაა ნაწარმოები, რითაც ქართული და კავკასიური სამყარო უკავშირდება წინა აზიის უძველეს კულტურას.

ტაოს ტოპონიმიაში ასევე ხელშესახებია -ეთ (-ათ, -ით, -ოთ, -უთ) სუფიქსით ნაწარმოებისახელები: ტალბ-ეთ’ი, ბურ-ათ’ი, ახალ-თა, წყარ-ოთ’ა, თამრ-უთ’ი...

ტაოს გეოგრაფიულ ნომენკლატურაში დადასტურდა ტოპონიმთა მცირე ნაწილი, რომელიც უცხო სუფიქსებითაა ნაწარმოები, ეს მაწარმოებლებია: -ლარ//-ლერ (ჩუქუთ-ლარ,მერექ-ლარ), -ლუღ//-ლუხ (ყავ-ლუხ//ყავ-ლუღ), -გილ (დევრიშ-გილ), -ოღლუ (ხაჯი-ოღლუ), -სორ//-ზორ//-ძორ (სეხ-სორ, მანა-ზორ, ლიკა-ძორ), -ჯი//-ჩი (ღარღა-ჯი, ჩიხთი-ჯი)...

უცხოურ მაწარმოებელთაგან მხოლოდ -სორ//-ზორ//-ძორ ჩანს სომხური, სხვა - თურქულია.

გვხვდება პრეფიქს-სუფიქსით ნაწარმოები გეოგრაფიული სახელები: ნა-ფარცხ-ევ-ი, ნა-ვან-ევ-ი, სა-ნაცრი-ე, სა-პოშლ-ა, სა-ფუზ-არ-ა, სა-ლაჩ-ურ-ი...

ტოპონიმთა ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი  კომპოზიტებია ან მსაზღვრელ-საზღვრულით გადმოცემული გეოგრაფიული სახელები.

ტაოს გეოგრაფიული სახელების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ტაო ქართული ქვეყანაა.

- განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ტაოური გვარ-სახელები, რომელთა უმეტესობას ფუძედ აღებული აქვს ადამიანის სახელი ან მეტსახელი, ზოგჯერ წარმომავლობა, ხელობა და ა.შ. და გაფორმებულია სხვადასხვა მაწარმოებლით. მიგვაჩნია, რომ ასეთი სახელები არაა გვარი ტრადიციული გაგებით, ამიტომაც მათ ,,მეტსახელი გვარი’’ ვუწოდეთ...

ტაოური ,,გვარის’’ დიდი ნაწილი -იან სუფიქსითაა ნაწარმოები: საკუთარ სახელს//მეტსახელს + -იან სუფიქსი: სულბ-იან-ი, მუს-იან-ი, ფერ-იან-ი... მნიშვნელოვანია, რომ ,,გვარები’’ სოფელში ბუდეებად ცხოვრობენ და ქმნიან სოფლის უბანს. დასახლების ეს ტიპი ანალოგს პოულობს ჭოროხის სხვა ქვეყნებშიც (შავშეთი, კლარჯეთი, მაჭახელი)...

ტაოური გვარი უწარმოებიათ ასევე სსუფიქსებით: -ან (ხოჯ-ან-ი), -ენ (მეძაღლ-ენ-ი), -ვან (კურდ-ვან-ი)... იშვიათია ძე’ზე დაბოლოებული გვარები.

გვხვდება თურქული -ოღლი (ჩაუშ-ოღლი) და -ჯი (დემირ-ჯი) სუფიქსებით ნაწარმოები გვარებიც.

- ტაოში მრავალი ტბა (გოლი), მდინარე, ღელე, ხევი და წყაროა. უმეტეს მათგანს საკუთარი სახელი არ აქვს: მდინარე თუ ხევი იმ სოფლის სახელს ატარებს, რომელსაც ჩამოუდის, ანდაც საიდანაც იღებს სათავეს: კალმახის წყალი, პარხლის წყალი, ელიას ხევი...

- ჭოროხის ქვეყნები, მათ შორის ტაოც, ვაზის სამშობლოა. საველე ექსპედიციების გზით შეგროვდა ვაზის სახელწოდებები (საფერავი, კივითა, ბუტკო... სულ ოცზე მეტი), რომელთა უმეტესობა ქართულია, ასევე მოპოვებულია ცნობები ძველი საწნახელებისა და მარნების შესახებ...

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა